X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მინისტრის საათი

17 თებერვალი 2021

„ჩემი გამოსვლა მე-10 მოწვევის პარლამენტის წინაშე არ არის პირველი, თუმცა, ახალი მოწვევის პარლამენტში პირველად იმართება „მინისტრის საათი“. 

მივესალმები ოპოზიციის წარმომადგენლების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვას და ვისურვებ საკანონმდებლო ორგანოში ვიხილო ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელიც პოლიტიკური პროცესების გამწვავებას ქუჩაში ცდილობს. 

სამთავრობო გუნდის გაცხადებული მიზანია ქვეყნის სტაბილური განვითარება და 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის  წარდგენა. 

ამ მხრივ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მნიშვნელოვანი როლი აკისრია: 
-    ევროკავშირის ქვეყნებთან ფიზიკური კავშირის გაუმჯობესება, მათ შორის ინტეგრაცია ევროპის სატრანსპორტო ქსელში, 
-    ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონებში ეკონომიკური განვითარების დონის მიახლოვება ევროპულ დონესთან 
-    ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება და ინსტიტუციური დაახლოვება.
პანდემიის მიუხედავად, გასული წელი მნიშვნელოვანი შედეგებით დავასრულეთ. 
სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი კვლავ გადაჭარბებით - 121%-ით  შესრულდა.

პირველად სამინისტროს ისტორიაში, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში 2 მილიარდ 200 მილიონი ლარზე მეტი ჩაიდო.

2020 წელს გაწეული სამუშაოების შედეგად, ექსპლოატაციაში შევიდა 70 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი - ქუთაისის და ხაშურის შემოვლითი მაგისტრალები, 
ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 580 კმ შიდა-სახელმწიფოებრივი გზას; 

ქუთაისი, ზუგდიდი და ჭიათურა პირველად გადავიდნენ 24 საათიან წყალმომარაგებაზე; 

დასრულდა აბასთუმნის ისტორიული სახლების, ობსერვატორიის და საბაგირო გზის რეაბილიტაცია;  ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და მცხეთის მუზეუმის მშენებლობა;  თბილისის „მზიურის“ პარკისა და  ასურეთის რეაბილიტაცია; 

აშენდა 20 ახალი სკოლა 1530 ბავშვისთვის, 17 საბავშვო ბაღი 1000-მდე ბავშვისთვის. დასრულდა გურჯაანისა და კასპის ინოვაციური ცენტრები და 500 დევნილ ოჯახის გადაეცა ბინები ზუგდიდსა და წყალტუბოში.

2021 წელს სამინისტროს ბიუჯეტი რეკორდულ 2,367 მილიონ ლარს შეადგენს. ამ რესურსის უდიდესი ნაწილი მოხმარდება საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას.

ჩემთვის საამაყოა ის, რომ ვმუშაობთ გამორჩეული სირთულისა და მნიშვნელობის პროექტებზე - რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალებზე. რიკოთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის დასრულების შემდეგ თბილისიდან ბათუმში 3,5 საათში ჩავალთ.

აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები რიკოთის მაგისტრალის  ჩუმათელეთი - ხევის, ხევი - უბისას, უბისა - შორაპანის და შორაპანი - არგვეთას მონაკვეთბზე. 

ასევე აქტიურად გაგრძელდება ბათუმის შემოვლითი გზის, სამტრედია - გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებლობა. 

უკვე საქართველოშია ქვეშეთი-კობის 9 კმ გვირაბის 15 მ დიამეტრის საბურღი მოწყობილობა და გაზაფხულიდან ვიხილავთ ქვეშეთი - კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის პროცესს.  

2024 წლისთვის ჩვენ დავასრულებთ 200კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, რაც სრულიად განსხვავებულ რეალობას შექმნის და ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორთან საერთაშორისო სტანდარტის გზებით დაგვაკავშირებს.

ბუნებრივია, საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობა სწრაფ რეგიონულ განვითარებას განაპირობებს. ახალი გზები რეგიონებში მეტ ტურისტს, მეტ ინვესტიციებს და დასაქმებას ნიშნავს.

სწორად ამიტომ პანდემიის მიუხედავად არ გაგვიჩერებია არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი. 

მეტიც, ეკონომიკის განვითარების დასაჩქარებლად ვიწყებთ ახალ მასშტაბურ პროექტს - თბილისი - საგარეჯოს 35კმ-იანი ავტობანის მშენებლობას. 

სამინისტრო კვლავ ხელს შეუწყობს პროექტებში ქართული კომპანიების ჩართულობას.

ვინაიდან ეს პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტით და არა საერთაშორისო დონორების სახსრებით ფინანსდება, ქართულ კომპანიებს შეეძლებათ თბილისი - საგარეჯოს ავტობანის გარკვეული მონაკვეთების ტენდერში მონაწილეობის მიღება. 

ამავე მიდგომით ქუთაისის შემოვლითი გზის 4 ლოტიდან 3 ლოტის მშენებლობის ტენდერი სწორად ქართულმა კომპანიამ მოიგო. 


ამ გზით ვაძლევთ საშუალებას ქართულ კომპანიებს დაიგროვონ საჭირო გამოცდილება, რათა მომავალში შეძლონ და უკვე საერთაშორისო ტენდერებშიც კონკურენცია გაუწიონ უცხოურ კომპანიებს. 

2021 წელს გავაგრძელებთ რეგიონების დამაკავშირებელი გზების მშენებლობას - ბაღდადი-აბასთუმანის, ხულო-ზარზმის, საჩხერე-ონის, ლენტეხი-მესტიის, თბილისი-შატილის ახალი გზები რეგიონებში ახალ შესაძლებლობებს ჰქმნიან. თითქმის დაცლილ სოფლებში ახალი ტურისტული პოტენციალი, სამუშაო ადგილები და მუდმივი შემოსავალი ჩნდება. 

რეგიონებში სწრაფი განვითარების ხელშეწყობა რჩება ჩვენს უმთავრეს ამოცანად, როგორც ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, ისე ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულყოფილი ინტეგრაციისთვის.

2021 წელსაც ვაგრძელებთ საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების და განვითარების შესაძლებლობების შექმნას.

ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის წელს დასრულდება 300 კმ-მდე შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშოები.

ქალაქების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში 200 კმ ქუჩების განახლება მიმდინარეობს. უკვე დასრულდა 45 ქუჩის რეაბილიტაცია და წელს დასრულდება დარჩენილი 70 ქუჩის რეაბილიტაცია. 

ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება რეგიონებში გამართული წყალმომარაგების უზრუნველყოფა. 


2019 და 2020 წლებში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების გაუმჯობებსებისთვის 500-მდე მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და მხოლოდ 2020 წელს დასრულებული პროექტების შედეგად 322 ათას ადამიანს გავუუმჯობესეთ წყალმომარაგების გრაფიკი და წყლის ხარისხი.

გასულ წელთან შედარებით რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესებას 348 მლნ ლარით მეტი მოხმარდება.   

150 დასახლებაში მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად დამატებით 360 ათას ადამიანს ექნება გაუმჯობესებული წყალმომარაგება, მათ შორის 220 ათას ადამიანს პირველად მოვემსახურებით ცენტრალური წყალმომარაგების ქსელით. 

წინა წელთან შედარებით 2021 წელს წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე 70%-ით მეტი თანხები მიემართება. ხოლო, 2012 წელთან შედარებით წყლის კომპანიის დაფინანსება 10-ჯერ არის გაზრდილი.  

თუმცა, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის პარალელურად, აუცილებელია წყალმომარაგების სისტემის მართვის გაუმჯობესება, კორპორატიული მართვის სისტემის დანერგვა, კერძო ინვესტიციების წახალისება. 

მთავრობის მიერ დაანონსებული - სახელმწიფო საწარმოების რეფორმისა და პრივატიზაციის გეგმის ფარგლებში, მოხდება სამინისტროს სისტემაში არსებული წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიის რეფორმირება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა. 

საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარების პარარელურად, ვაგრძელებთ  რეგიონეული განვითარების პროგრამების განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. 
აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმის განვითარებისთვის. 

შევქმნით საჭირო ინფრასტრუქტურას ძველი კურორტების გასაცოცხლებლად და მათი  საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

ქვეყანაში გავაჩენთ ახალ მიზიდულობის ცენტრებს, გავაცოცხლებთ მივიწყებულ კურორტებს.

აბასთუმნის, ბაკურიანის ურბანული განახლების მასშტაბური პროექტებთან ერთად, არ ვივიწყებთ შედარებით მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურას. ასეთ პროექტებს შორისაა ტობავარჩხილისა და მწვანე ტბასთან მისასვლელი გზები, ყაზბეგსა და ბორჯომში  მუზეუმების რეაბილიტაცია, ონის მუზეუმის მშენებლობა, ფოკის და ზარზმის მონასტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მრავალი სხვა მსგავსი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას.

წელს სრულდება წყალტუბოს გენ-გეგმის კონცეფციის შემუშავება, რის საფუძველზეც დაიწყება კურორტის განახლებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა.

კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთის განვითარებას და მთის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების სხვადასხვა ღონისძიებებს. 

გაგრძელდება გამყოფი ხაზის სოფლებისთვის სხვადასხვა ტიპის საბაზისო, განათლების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწყობა.
2022 წელს დასრულდება 1820 დევნილი ოჯახისთვის ახალი სახლების მშენებლობა ქუთაისსა, წყალტუბოსა და ზუგდიდში.

გაუმჯობესდება მუნიციპალური ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა. რეგიონებში მიმდინარეობს ინტეგრირებული მართვის პროექტები.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო რეგიონებში განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულება. 2020 წელს დავასრულეთ 20 ახალი სკოლის და 17 საბავშვო ბაღის მშენებლობა. 2021 წელს დასრულდება 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის და ეტაპობრივად 2022 წლამდე დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია 16 ათასი ბენეფიციარისთვის. ჯამურად ამ პროგრამის განხორციელებისთვის 300 მლნ ₾ გამოყოფილი.

სკოლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიმართულებით წელს კიდევ ერთ ახალ პროგრამას ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უკვე დაწყებულია 31 ავარიული სკოლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დავალებების მომზადება. ამ პროგრამის ფარგლებში ეტაპობრივად კიდევ 40-მდე სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. 

ძალიან კარგი შედეგები გვაქვს სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროგრამაშიც - ბოლო ორი წლის განმავლობაში 1410 სკოლაში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა.

არ შემიძლია არ ავღნიშნო რეგფონდის და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები. ერთი შეხედვით, მათი შედარებით მცირე ზომის გამო, ეს პროექტები ნაკლებად თვალსაჩინოა, თუმცა სწორად ამ პროექტების განხორციელების შედეგად წლიდან წლამდე უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი სოფლებსა და დაბებში - მხოლოდ 2020 წელს 480 მლნ ლარზე მეტი ჩაიდო ათასობით პროექტში - მუნიციპალური და სოფლების გზების რეაბილიტაციაში, შედარებით მცირე მასშტაბის წყალმომარაგების პროექტებში, სპორტულ და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში. 

პანდემიის გამო 2021 წელს სამწუხაროდ რეგფონდის დაფინანსება შედარებით მცირეა, თუმცა იმედი გვაქვს ეკონომიკის აღდგენის პარალელურად შევძლებთ ძველ ნიშნულზე დაბრუნებას.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ აუცილებელია კაპიტალური ხარჯების მაღალი დონის შენარჩუნება. ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში განაპირობებს მთელი ქვეყნის და რეგიონების ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. თუმცა, ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე ნიშნავს ინვესტიციას ქართულ კომპანიებში და სტაბილურ შემოსავალს რამდენიმე ათეული ათასი დასაქმებულისთვის. 

ყოველივე ეს გვაახლოვებს ევროიკავშირის წევრობისთვის საჭირო ეკონომიკურ განვითარების დონესთას. 

თუმცა, ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ ევროკავშირის წევრობისთვის ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური დაახლოვება, მათ შორის რეგიონული განვითარების პოლიტიკაში ევროპული მეთოდოლოგიის უფრო აქტიურად გამოყენება. 

ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ევროკავშირის „გონივრული სპეციალიზაციის“ მიდგომების აქტიური პილოტირება, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენასა და შესაბამისი განვითარების გეგმების შემუშავებას. ევროკავშირის ერთიანი კვლევის ცენტრთან ერთად საპილოტე რეგიონად შერჩეულია იმერეთის რეგიონი. 

დავიწყეთ ტერიტორიული მოწყობის ევროპულ სტატისტიკურ კლასიფიკაციასთან დაახლოებაც, რომელზე დაყრდნობითაც მომავალში შევძლებთ ევროკავშირის სტრუქტურული და სხვა ფონდებიდან რეგიონების გამოთანაბრებისთვის მივიღოთ მსხვილი პროგრამული ინვესტიციები. 

აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, მართვის ევროპული პრაქტიკების დანერგვა. ჩვენი სამინისტროს მხრიდან  დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გავაგრძელებთ  მუნიციპალიტეტების ხელშეწყობას. დაგეგმილი გვაქვს
•     საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება თვითმმართველი ერთეულების საკუთარი უფლებამოსილებათა განხორცილების მხარდაჭერისთვის;
•    გაგრძელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემის პროცესი;
•    გაგრძელდება ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესი. ამ ეტაპისთვის ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა დასრულდა საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში, ხოლო დანერგვის პროცესი მიმდინარეობს მომდევნო 21 მუნიციპალიტეტში. 

ვიცით, რომ ძლიერ თვითმმართველობას ქმნიან კარგი საჯარო მოხელეები, ამისათვის გაგრძელდება მუნიციპალიტეტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები.

პანდემიის მიუხედავად 2020 წელს 2000-ზე მეტი საჯარო მოხელე გადამზადდა სხვადასხვა მიმართულებით. 

დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამინისტროს მუშაობის შედეგი თვალსაჩინოა. შევძელით მნიშვნელოვანი პროექტების შესრულება და ეფექტურად ვმართეთ პროექტები პანდემიის პირობებშიც კი. 


2020 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა 6 000 პროექტი, რომლებშიც დასაქმებული იყო 31 000 ადამიანი და 1 300 კომპანია.

ყველასათვის რთული 2020 წლის განმავლობაში, არ შეჩერებულა არცერთი სისტემური პროექტი და გამოიძებნა რესურსი 2021 წელს სამინისტროს დაფინანსების გასაზრდელად. 

პროექტების რაოდენობის და ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად აღარ არსებობს ე.წ. „აუთვისებლობის პრობლემა“ და ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება.

ყველა ეს შედეგი სამინისტროს გუნდის, ადგილობრივ თვითმმართველობებში ჩვენი პარტნიორების დაუღალავი შრომის, ახლებური მიდგომების დანერგვისა და გატარებული ღონისძიებების შედეგია, და დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან მინდა ყველა ამ ადამიანს მადლობა გადავუხადო.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა აღმოფხვრილია. უფრო აქტიურად გვაქვს სამუშაო ისეთი კომპონენტების დახვეწაზე, როგორიცაა პროექტების მართვის და შესრულებული საპროექტო თუ სამშენებლო სამუშაოს ხარისხი, მათ შორის მცირე ზომის პროექტებშიც. დასახვეწია პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია და ინფრასტრუქტურის განვითარების განხილვა რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ჭრილში.

ბუნებრივია, ამ პროცესში გვაქვს თქვენთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი და თქვენი მხარდაჭერის იმედი“.